აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები საქართველოში შეფასებულია, როგორც „ჯანსაღი” და აღნიშნულია, რომ ქვეყანას მოწინავე პოზიცია უკავია რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.
ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ 1991 წლიდან გაატარა „ყოვლისმომცველი” ეკონომიკური რეფორმები, რამაც შექმნა „შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური“ საბაზრო ეკონომიკა და აღნიშნულია, რომ მისი რეიტინგი გლობალურ ბიზნესში, მმართველობაში, კორუფციასა და სხვა ინდექსებში „სტაბილურად“ გაუმჯობესდა.
მაგრამ, ამავე დროს, დოკუმენტში საუბარია სასამართლო სექტორში არსებულ პრობლემებსა და გაჭიანურებულ დავებზე. ასევე, მითითებულია მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურობასა და მასში პოლიტიკურ ჩარევებზე.
„ზოგადად, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები კარგია და საქართველო უსწრებს რეგიონის ქვეყნებს. თუმცა, იზრდება ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად.
ზოგიერთი დავა სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში მიმდინარეობს. კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას. ისინი გამოთქვამენ ბრალდებებს პოლიტიკური ჩარევის თაობაზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე. ასევე, მიუთითებენ საკუთრების უფლებებზე დავების გაჭიანურებაზე”, – წერია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს ტრანზიტისა და ლოგისტიკის სექტორებზე, როგორც საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანა ცდილობს ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში გაზრდილი ვაჭრობით.
„ცენტრალური აზიის გაფართოებულმა ბაზარმა ბოლო პერიოდში, საქართველოში შუა დერეფნის გავლით, ტვირთების ზრდა განაპირობა, რადგან ჩრდილოეთ მარშრუტი, რუსეთის გავლით, ახლა უფრო სარისკოდ ითვლება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეეხო ანაკლიის პორტის საკითხზე მიმდინარე სასამართლო დავასაც.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. 2016 წელს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის აშენების ხელშეკრულება გაუფორმა საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის, ამერიკულ კომპანიას. თუმცა, 2020 წელს მთავრობამ ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შედეგადაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ აიღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ვალდებულება, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა”, –აღნიშნულია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო მუშაობენ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდაზე. ორივე ქვეყანამ ხელი მოაწერა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას 1994 წელს და საქართველოს შეუძლია, არაერთი სახეობის პროდუქტი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანოს შეერთებულ შტატებში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.