საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 10.4%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში გამყარებამ კი 1.9% შეადგინა.
ივლისში ლარი აშშ დოლარის მიმართ 2.8258-დან 2.7338-მდე (3.3%-ით), ხოლო ევროს მიმართ – 3.0421-დან 2.9647-მდე (2.6%-ით) გამყარდა. ივლისში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.8101 იყო, მინიმალური კი – 2.6952.
ლარის მიმართ თურქული ლირა გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრამი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ზრდის წნეხს ქმნის.
სავაჭრო პარტნიორთაგან ივლისში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-ში, აზერბაიჯანსა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.