საბანკო ანაბრებზე პროცენტის ზრდის პარალელურად, კომერციულ ბანკებში მათი მოცულობა გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ივლისის ბოლოსათვის კომერციულ ბანკებში სულ 47.78 მლრდ ლარის ანაბარია შეტანილი, რაც 989.47 მლნ ლარით, ანუ 2.11%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.54%-ით მეტი).
ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 436.54 მლნ ლარით, ანუ 2.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 552.93 მლნ ლარით, ანუ 1.91%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.28%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ივლისის ბოლოსათვის 49.36% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.41%-ით).
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.14% შეადგინა, მათ შორის ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე –1.51%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.57%, ხოლო ევროს წილმა 19.45% შეადგინა.