სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი აქტივებზე წვდომას ვერ ახერხებს, – ამის შესახებ ივანიშვილის ადვოკატი – ლაშა კალანდაძე საუბრობს Credit Suisse-სა და ივანიშვილს შორის დავის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კალანდაძე წერს, რომ ივანიშვილმა გადარჩენილი თანხის დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში და მის მმართველად დარჩა Credit Suisse-ის გერნსის კუნძულზე დაფუძნებული ტრასტი, რომელიც 2022 წლის მარტამდე თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლებად წარმატებით ართმევდა თავს.
„ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას. აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში: ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხვის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე. შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული. აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება“, – წერია განცხადებაში.
ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულის გამო, მოსარჩელეებმა ტრასტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. რის შემდეგაც, მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს. საქმის განხილვა 2022 წლის სექტემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა, არაერთხელ გადაიდო. საქმის არსებითი განხილვა 2023 წლის 20 მარტს დასრულდა.
„ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გერნსის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა. შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა, მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ. შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც“, – წერს კალანდაძე.
ადვოკატი განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგა აქტივებზე წვდომა, თუმცა, იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.