კომპანია ცემენტ ინვესტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი, ირაკლი რუხაძის კომპანია ჰანიველ პარტნერზი და დავით ბეჟუაშვილის ოჯახი ერთობლივად განკარგავს, ჰაიდელბერგ საქართველოს 100%-ის მფლობელი გახდა.
მათ კომპანიის 45% გერმანული ჰოლდინგისგან – Heidelberg Materials-ისგან გამოისყიდეს. ცემენტ ინვესტმა გერმანული ჰოლდინგისგან ასევე სრულად გამოისყიდა წილი თერჯოლა კარიერსში. ინფორმაციას ამის შესახებ ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ავრცელებს. ამ გარიგებამდე კომპანიაში წილები ასე ნაწილდებოდა: 45% – Heidelberg Materials; 45% – თანაინვესტირების ფონდი და ჰანიველ პარტნერზი; 10% – დავით ბეჟუაშვილის ოჯახი.
ცემენტ ინვესტი Heidelberg-ის პარტნიორი 2017 წლიდან გახდა. მას შემდეგ ერთობლივად ააშენეს კლინკერის წარმოების მშრალი მეთოდით მოქმედი ქარხანა კასპში. ქარხანაში განხორციელებული ინვესტიცია $100 მილიონს აჭარბებდა.
ჰაიდელბერგცემენტ საქართველო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში შეინარჩუნებს სავაჭრო სახელსა და ყველა იმ ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელსაც კომპანიას აქამდე Heidelberg Materials უწევდა. ხოლო სამომავლოდ, შესაძლოა, ბრენდის ცვლილება მოხდეს.
ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი კომპანია Heidelberg-ს 60 ქვეყანაში 3 ათასი ქარხანა და 60 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ინერტული მასალების ორ საწარმოს, ცემენტის ტერმინალს სუფსაში და ბეტონის თოთხმეტ სტაციონარულ და მობილურ ქარხანას საქართველოს მასშტაბით.
ჰაიდელბერგ საქართველოს ბოლო, 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 415 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მისი წმინდა მოგება 93.3 მილიონ ლარს შეადგენდა. იმ პერიოდისთვის ქარხნის აქტივების ღირებულება 513 მილიონ ლარი იყო.