სამართალდამცავებმა დააკავეს იგორ სტრელკოვი (ნამდვილი გვარია გირკინი), რომელიც 2014 წელს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჯარებს ხელმძღვანელობდა.
FSB-ის ყოფილი ოფიცერი სახლიდან დღეს, 21 ივლისს, შუადღისას წაიყვანეს. ამჟამად მის ბინას რუსი სამართალდამცავები ჩხრეკენ.
წინასწარი მონაცემებით, დაკავება ვაგნერის დაჯგუფების ყოფილი წევრის დასმენის დაფუძველზე განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
სტრელკოვის ტელეგრამ არხზე გამოჩნდა მისი მეუღლის – მიროსლავა რეგინსკაიას შეტყობინება. ის აცხადებს, რომ მის ქმარს ბრალი „ექსტრემიზმის“ ბრალდებით წაუყენეს.
„დღეს, დაახლოებით 11:30 საათზე, ჩვენთან საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები მოვიდნენ. იმ დროს სახლში არ ვიყავი. კონსიერჟის თქმით, ჩემი ქმარი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მეგობრებისგან გავარკვიე, რომ ჩემს ქმარს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით (ექსტრემიზმი).
ჩემი ქმრის ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი ვიცი, ის არ დაგკავშირებია”,- წერს დაკავებულის მეუღლე.
ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ სტრელკოვის დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
იგორ სტრელკოვი არის FSB-ს ყოფილი ოფიცერი. 2014 წლის აპრილიდან ის მეთაურობდა პრორუსულ საბრძოლო ნაწილებს აღმოსავლეთ უკრაინაში. 2014 წლის მაისიდან აგვისტომდე იგი მუშაობდა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად.
2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ სტრელკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო მალაიზიის ავიახაზების ბოინგის ჩამოგდებაში, რომელიც დონეცკის რეგიონში 2014 წელს განხორცირლდა.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან სტრელკოვი რეგულარულად აკეთებდა კომენტარებს ომის მიმდინარეობაზე და ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს.