საქართველოს პარლამენტი აპირებს, საპენსიო სქემის მონაწილეებს პორტფელების არჩევის ვადა 2028 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივოს.
საკანონმდებლო ორგანო შესაბამისი კანონის მიღებას სექტემბრის ბოლომდე გეგმავს. ახალი კანონის მიხედვით, დასაქმებულები 2028 წლამდე ავტომატურად დარჩებიან დაბალრისკიან პორტფელში.
უკეთ რომ განვმარტოთ, ცვლილების მიღების შემთხვევაში, ყველა დანაზოგი ავტომატურად აღმოჩნდება დაბალრისკიან პორტფელში და შემდგომ მოხდება არჩევანის გაკეთება, თანხის გადანაწილება სურვილის შესაბამისად.
ვისაც მაღალი პროცენტის მიღების იმედი აქვს, მაღალრისკიან პორტფელში გადაინაცვლებს. ვინც მცირე, მაგრამ უფრო მეტად გარანტირებულ სარგებელს დასჯერდება, საპენსიო შენატანს ნაკლებად რისკიან პორტფელში გადაანაწილებს.
აგრეთვე, ახლანდელი ვერსიით თუ 1 თვეა ვადა (ანუ 6 სექტემბრამდე) პორტფელის არჩევისთვის, კანონპროექტი ამ შეზღუდვას ხსნის.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის – პაატა კვიჟინაძის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს.
„მოსახლეობა არ იყო მზად და შეიძლება, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. ამიტომ, დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ, სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული. კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიან პორტფელში“, – განმარტავს კვიჟინაძე.
როგორც ჩანს, მთავრობა მიხვდა, რომ მაღალრისკიან, საშუალო რისკიან და დაბალრისკიან პორტფელებს შორის არჩევანის გაკეთებისთვის, საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის მიცემული 1-თვიანი ვადა, საკმარისი არ იყო. ამას ემატება ისიც, რომ საპენსიო სქემის მონაწილეების მხრიდან დაბალი იყო დაინტერესება, კერძოდ, სააგენტოს პორტფელის შეცვლის განაცხადით, ამ დრომდე, მხოლოდ 5 ათასმა ბენეფიციარმა მიმართა, იმ დროს, როცა სააგენტოში სულ 1 მლნ 400 ათასი პირის ანგარიშია გახსნილი.