2025 წლის იანვარში საქართველოში $481 მილიონის ღირებულების ნახატები შემოვიდა,- ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ოპერატიული სტატისტიკის ვებგვერდზეა მითითებული.
ანგარიშის თანახმად, იმპორტი სამი ამანათის მეშვეობით განხორციელდა, რომელთაგან ორი აშშ-დან, ერთი კი დიდი ბრიტანეთიდან გამოიგზავნა. ნახატების ყუთების წონა 6.6 ტონას შეადგენდა. ნახატების იმპორტიორის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დაფარულია, თუმცა, სავარაუდოდ, ის ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
ივანიშვილის მიერ საქართველოში ხელოვნების ნიმუშების გადმოტანის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა დაწერა.
“დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში – ეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული:
თითქმის 500 მლნ დოლარის ღირებულების ძვირად ღირებული ნახატები.
მათ შორის, აშშ-დან, რაც ნიშნავს, რომ ტრამპთან “დალაგებულ” ივანიშვილს სინამდვილეში ვერაფერიც დაულაგებია, იქიდანაც მოარბენინებს ნახატებს.
აი, თუ არ ეშინია ივანიშვილს სანქციების! ამიტომ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი!”,- წერს ლილუაშვილი.
ის ვარაუდობს, რომ მილიარდერმა “ოფშორების შესახებ” კანონით ისარგებლა, რისი მეშვეობითაც დღგ-ს გადასახადს თავი აარიდა. აღნიშნული კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2024 წელს მიიღო, ოფშორული კომპანიების საკუთრებაში არსებულ აქტივებს, საქართველოში გადმოტანისას დღგ-ის გადახდისგან ათავისუფლებს.
ოფშორებიდან $481 მილიონის ღირებულების ნახატების შემოტანის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი 242,252 მილიონი ლარის გადახდას აარიდებდა თავს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტის მკვეთრი 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა. წინა თვეში იმპორტის მოცულობა $1.6 მილიარდი იყო. შემოტანილმა ხელოვნების ნიმუშებმა ღირებულებით იანვრის თვის იმპორტის მესამედი შეადგინა.
ამავე დროს, იანვარში გადახდილი დღგ-ის მოცულობა 0.9%-ით შემცირდა და 806 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ამყარებს იმ ვარაუდს, რომ აღნიშნული ნახატების ქვეყანაში შემოტანა დღგ-ის გადახდის გარეშე მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 242,252 მილიონი ლარის დღგ-ს ბიუჯეტში გადახდა ჯამური მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევდა.