თურქული ლირა სუსტდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, თურქული ვალუტა $19,9- მდე დაეცა. ლირა ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე 20%-ზე მეტად არის გაუფასურებული.
თურქული ვალუტის მერყეობა საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რომლის მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
ინვესტორები არჩევნების შედეგებს ელოდებიან, რომელმაც თურქეთის მომავალი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.
არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატებმა მიიღო ხმების 50%, რაც გამარჯვებისთვის იყო საჭირო. პირველ ტურში ერდოღანი ლიდერობდა ხმების 49,5%-ით, ხოლო ქემალ ქილიჩდაროღლუს 44,9% ჰქონდა.
მეორე ტურს, დიდი ალბათობით, თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოიგებს და საპრეზიდენტო ვადას გაიხანგრძლივებს, რაც ინვესტორებს არ მოსწონთ. პრეზიდენტ ერდოღანის ეკონომიკური კურსი მათ კრიტიკას იწვევს. მას ავტოკრატიული მმართველობის სტილი აქვს და პოპულისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. მისი არაორდინალური გადაწყვეტილებების გამო ქვეყანაში ინფლაციის დონე 44%-ს აღწევს. ეს ოფიციალურად, რეალურად კი ბოლო 3 წელიწადში ფასები თითქმის გაორმაგებულია.
ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო გააუარესა წლის დასაწყისში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. მას შემდეგ ლირა 5%-ზე მეტად გაუფასურდა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობები ლირის კურსის შესაკავებლად ხელისუფლების ჩარევის შესახებ (რათა გაცვლითი კურსი $19,65-ის ნიშნულზე შენარჩუნდეს).
თურქეთის ეკონომიკას პრობლემას უქმნის კაპიტალის გადინებაც.
წინა კვირას საერთაშორისო ინვესტორებმა რამდენიმე $100 მილიონზე მეტი ღირებულების თურქული ობლიგაციები გაყიდეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები თურქეთიდან გასვლას ცდილობენ.
შემცირდა სავალუტო რეზერვების მოცულობაც, იმის გამო, თურქეთის მოსახლეობა ლირას უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებს და დანაზოგის შენახვასაც უცხოურ ვალუტაში ამჯობინებს.
ანალიტიკოსების მოლოდინების მიხედვით, თურქული ლირა მეორე კვარტლის ბოლოს აშშ დოლარის მიმართ 19.75-ის ნიშნულზე იქნება.