თურქეთს გაკოტრების ტალღამ გადაუარა, რის შედეგადაც ათასობით კომპანია დაიხურა.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში 15 000 კომპანია გაკოტრდა, რაც გასულ წელთან შედარებით 28%-ით მეტია. ამის შესახებ Reuters წერს.
მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 982 კომპანიის ვალი თითქმის გაორმაგებულია, წინა წელთან შედარებით.
ყველაზე მეტი მოთხოვნა ბანკებისა და მიმწოდებლების მიმართ ვალების გადახდის შეჩერებაზე, ასევე გაკოტრების პროცედურებზე, სამშენებლო და ტექსტილის კომპანიებმა შეიტანეს.
ბევრი ტექსტილის კომპანია გადადის ეგვიპტეში, რათა თავი დააღწიოს გაკოტრებას. თურქეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, უკვე 90 ათასმა ადამიანმა დატოვა ტექსტილის ინდუსტრია.
Naf Naf-მა ასევე ვერ გაუძლო ტექსტილის გაკოტრების ტალღას. საფრანგეთში დაარსებული ბრენდმა, რომელიც თურქულმა ჯგუფმა SY International-მა 2020 წელს შეიძინა, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. კომპანიის 215-ზე მეტი ფილიალი იხურება, რის შედეგადაც დაახლოებით 1200 თანამშრომელი უმუშევარი დარჩება.
აღნიშნულია, რომ პრობლემები თურქულ კომპანიებს ცენტრალური ბანკის მაღალი განაკვეთებისა და გაზრდილი ინფლაციის გამო უჩნდებათ.
გასული წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 41,5%-ით 50%-მდე გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რამაც ბიზნეს სესხები გაუძვირა. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მიზნად ისახავდა ინფლაციის შენელებას, რომელიც 2024 წელს 75% იყო და აგვისტოში 52%-მდე დაეცა.
მაღალმა ინფლაციამ გააძვირა ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, რამაც გაზარდა ბიზნესის ხარჯები. ამას დაემატა მინიმალური ხელფასის ზრდა.
თურქული კომპანიები ასევე განიცდიან საექსპორტო შეკვეთების კლებას, განსაკუთრებით ტანსაცმლის მწარმოებლები, რომლებიც ვეღარ უწევენ კონკურენციას ვიეტნამის და ბანგლადეშის კომპანიებს. თურქეთი არის მსოფლიოში ტანსაცმლის ხუთ უმსხვილეს მწარმოებელთა შორის და არის წამყვანი ევროპული ბრენდების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი.
Reuters წერს, რომ თურქეთში მასობრივი გაკოტრებები ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, ანელებს ან წყვეტს გადახდებს მთელს ეკონომიკაში და ზრდის უმუშევრობის დონეს.