თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა კიდევ გაამკაცრა და საპროცენტო განაკვეთი 2,5%-ით, 45%-მდე გაზარდა.
განაკვეთის ეს დონე ყველაზე მაღალია 2003 წლის შემდეგ. გასული წლის ივნისის შემდეგ ის ზედიზედ 8-ჯერ, ჯამში 36,5%-ით გაიზარდა.
ამ გზით თურქეთის ცენტრალური ბანკი გაზრდილი ინფლაციის შეკავებას ცდილობს.
ცენტრალური ბანკის განცხადებით, ამჟამინდელი განაკვეთი შენარჩუნდება, სანამ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე არ დაიწევს. ცენტრალური ბანკი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელად 5%-ს განიხილავს.
თურქეთში ინფლაცია დეკემბერში 64,8%-მდე დაჩქარდა. ნოემბერში კი ფასების ზრდა 62%-ს შეადგენდა.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში 0,2%-ით დაეცა და მისი კურსი $1/30,2856 ლირა გახდა.