საქართველოში თურქული იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში მეზობელ ქვეყანაში $839.708 მლნ-ს ღირებულების პროდუქტი შევიძინეთ, რაც 15-წლის მაქსიმუმია. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი ხელმისაწვდომია 2009 წლიდან). 2009 წლის ოთხ თვეში თურქეთიდან იმპორტის მოცულობა მხოლოდ $246.950 მლნ-ს შეადგენდა.
რაც შეეხება წლიურ ზრდას, წელს 2023 წელთან შედარებით თურქული იმპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. შარშან იანვარ-აპრილში თურქეთში $792.245 მლნ-ს პროდუქია შევიძინეთ.
2024 წლის ოთხ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით დაფასოებულო სამკურნალო საშუალებები შევიძინეთ, მეორე ადგილზეა მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები, სამეულში შედის შავი ლითონების მილაკები.
ტოპ-5 პროდუქცია, რაც წელს თურქეთში ვიყიდეთ:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $68.907 მლნ
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები – $22.265 მლნ
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან – $17.830 მლნ
- ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები – $17.458 მლნ
- მავთულები იზოლირებული, კაბელები – $14.357 მლნ
ამასთან, საკმაოდ დიდია თურქეთის წილი საკვები პროდუქტების და სასმელების იმპორტშიც. 2024 წლის იანვარ-აპრილში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფში იმპორტის 15.2% თურქეთზე მოდიოდა და მას მხოლოდ რუსეთი უსწრებდა. წელს ოთხ თვეში საქართველომ $531.574 მლნ-ს ღირებულების საკვები და სასმელი შეიძინა, აქედან თურქეთში $81.014 მლნ-ს, რუსეთში კი $129.589 მლნ-ს.
ტოპ-5 საკვები და სასმელი პროდუქტი, რაც წელს თურქეთში ვიყიდეთ:
- პომიდორი, ახალი ან შეყინული – $7.763 მლნ
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – $5.441 მლნ
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული – $5.112 მლნ
- ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული – $4.971 მლნ
- კიტრი და კორნიშონი, ახალი და შეყინული – $4.416 მლნ