თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ახალი მაგისტრალი დღეს, 17:00 საათზე გაიხსნება. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნულ გზაზე დადგენილი იქნება მოძრაობის სიჩქარე 110 კმ საათში. ამასთანავე, მაგისტრალზე პირველად დაწესდება მინიმალური სიჩქარეც 60 კმ/სთ. ეს კი ნიშნავს, რომ ამაზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობა კახეთის ჩქაროსნულ გზაზე შეიზღუდება.
გზის მშენებლობა 3 მონაკვეთად იყო დაყოფილი, სადაც 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდა. გზის პირველი მონაკვეთი, 4 კმ-იანი ვაზიანის შემოვლითი გზა, გასულ წელს გაიხსნა.
35-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაზე 527 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.