Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის თქმით, ავიაკომპანია ფრენებს მოსკოვის მიმართულებით სავარაუდოდ, 20 მაისიდან დაიწყებს და რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.
გაიაშვილის თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვისთვის მალე მიმართავს და დარწმუნებულია, რომ პასუხი დადებითი იქნება. კომპანიის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ნებართვის მიღებაზე პრობლემა არც როსავიაციისგან ექნება.
მისი თქმით, ავიაკომპანია დღეში სავარაუდოდ, ერთ რეისს შეასრულებს.
„ბევრი აცხადებს, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ, რადგან რუსეთში ფრენას ვიწყებთ. მოღალატეები არიან ის ადამიანები, ვისაც ქართველი ხალხის წვალება უნდათ. კითხვა მაქვს მათთან, დღემდე არ დაფრინავდა მოსკოვში თვითმფრინავები?! დღემდე საზღვარი არ იყო გახსნილი?! წლების განმავლობაში დავფრინავდით მოსკოვში და ჩვენთვის ახალი არაფერი არ არის”, – ამბობს გაიაშვილი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მათ ნებართვისთვის უკვე ხუთმა ავიაკომპანიამ მიმართა, მათ შორისაა Georgian Airways.
თამაზ გაიაშვილი სააგენტოსთვის ოფიციალურად მიმართვას არ ადასტურებს და ამბობს, რომ უწყებას მხოლოდ ზეპირი თანხმობა განუცხადეს, მაგრამ საბუთები არ ჩაუბარებიათ.
რა იქნება ბილეთის ფასი, ავიაკომპანიებს ჯერ არ დაუსახელებიათ.