დღეს, შუადღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისების შესრულებას იწყებდა.
მოსკოვსა და თბილისს შორის ყოველდღიური პირდაპირი ავიარეისების 18 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე შესრულების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის საიტზეც გამოჩნდა. თუმცა, რამდენიმე საათში ინფორმაცია საიტიდან წაიშალა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ფრენის აღდგენის ცნობა ტაბლოზე ტექნიკური გაუმართაობის გამო გამოჩნდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, როცა ვნუკოვოს აეროპორტმა გააკეთა განმარტება.
სააგენტომ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და რუსულ მხარეს მისი აღდგენის შესახებ არ მიუმართავს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს”, – წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
Georgian Airways-ის ვებგვერდის მონაცემებით, მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები მხოლოდ ერევნის გავლით სრულდება. კომპანიამ განცხადება დაგვიანებით გაავრცელა და მედიაში გამოჩენილ ინფორმაციას ცრუ და დაუდასტურებელი უწოდა, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით არაფერი განუმარტავს.
ვნუკოვოს აეროპორტის განრიგი პირველად ბლოგერი ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამარხზე გამოჩნდა. მან დაწერა, რომ ჰქონდა ინფორმაცია თბილისა და მოსკოვს შორის ფრენის აღდგენაზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ საუბრები რამდენიმე თვის წინ, რუსული მხარის ინიციატივით დაიწყო.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირი ფრენების აღდგენას პრობლემად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს რუსეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმოსვლას გაუმარტივებს.