გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანამშრომლების კომპიუტერებიდან დეტალურ ინფორმაციას აგროვებდა. სამინისტროს სისტემაში შემავალი 10-ზე მეტი დაწესებულების 3 000-მდე თანამშრომლის მონაცემები შემდეგ 30-მდე თანამშრომლისთვის ხდებოდა ხელმისაწვდომი. ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა. სამინისტროს შემოწმება ანონიმური შეტყობინებით მოითხოვეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა:
- სამინისტრო სისტემაში დასაქმებული პირების მიერ კომპიუტერების საშუალებით განხორციელებულ ქმედებებზე დეტალურ ინფორმაციას აგროვებდა;
- გროვდებოდა თანამშრომლების კომპიუტერებში გახსნილი ვებსაიტების მონაცემები და შინაარსი, მათ შორის საკვანძო სიტყვების მიხედვით; ეს მონაცემები ხელმისაწვდომი იყო 60 დღის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაცხადებული მიზნების შესაბამისად, დამუშავებულ მონაცემებს იყენებდა მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფაქტის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
სამინისტროს არგუმენტებზე 5 აპრილის განცხადებაში წერდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. მათი თქმით, პროგრამის საშუალებით მოპოვებული მონაცემები დასაქმებულებისთვის წარმოადგენდა „საკუთარი დროის თვითმონიტორინგის (იმის დადგენის, თუ რა დროს უთმობდნენ საქმეს და რა დროს – სხვა საკითხებს) საშუალებას.“ გარდა ამისა, სამინისტრო მათთან განმარტავდა, რომ პროგრამის ფუნქციონირება განპირობებული იყო მათივე ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებითაც.
სამინისტროს არგუმენტის მიუხედავად, რომ მიზანი დასაქმებულთა მიერ „საკუთარი დროის თვითმონიტორინგი“ იყო, თანამშრომელთა ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 46-ე მუხლით 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, უწყებას დაევალა, შეწყვიტოს ამ მონაცემების შეგროვება და წაშალოს უკვე დამუშავებული ინფორმაცია.
წყარო: რადიო თავისუფლება