“ჯორჯიან მანგანეზი” ზესტაფონის ფეროს 4 თვით აჩერებს.
კომპანია წარმოების გაჩერების მიზეზად მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრ ვარდნას და მოთხოვნის შემცირებას ასახელებს, რასაც ჯიათურის მაღაროებიდან მადნის დეფიციტიც დაემატა.
“ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს – სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი“,- განაცხადა კომპანიამ.
“ჯორჯიან მანგანეზი” პირობას დებს, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადაუხდის და მათ სრულად შევუნარჩუნებს საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებზე იქნებიან დასაქმებული, ხელფასის 100% აუნაზღაურდებათ.
“ჩვენმა კონტრაქტორმა ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა. ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო, სილიკომანგანუმის წარმოება ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან შევამცირეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე აშშ-ში აღარ მომხდარა ფეროშენადნობების რეალიზაცია. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვიმედოვნებთ, რომ გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და შევძლებთ სამუშაო პროცესის დათქმულ ვადაზე ადრე აღდგენას”, – წერია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.