„ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა,- ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში. წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია“, – აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, ის თუ რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, მხოლოდ თავად ქართველებზეა დამოკიდებული.
„ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური ზრახვები. ჯერ კიდევ შესაძლებელია, ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ დრო იწურება. სხვა ქვეყნები სწრაფად მიიწევენ წინ – უკრაინამ და მოლდოვამ ახლახან გახსნეს გაწევრიანების მოლაპარაკებები, მომავალი დიდი გაფართოება მოხდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსა და ქართველებზეა დამოკიდებული, იქნება საქართველო ამის ნაწილი, თუ არა”, – აღნიშნა ელჩმა.
ჰერჩინსკის თქმით, იმედოვნებს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ახლად ჩამოყალიბებული მთავრობა, „დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“.
ჰერჩინსკი მონაწილეობს ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.