ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდის.
ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, უცხოურ ვალუტაში კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400,000 ლარამდე ეზრდებათ.
ცვლილება ძალაში 2024 წლის 1 მაისიდან შევა.
სავალუტო დაკრედიტების ზედა ზღვარი ამჟამად 300,000 ლარამდეა. აღნიშნული ცვლილება 2024 წლის იანვარში განხორციელდა და სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 200,000 ლარიდან გაიზარდა.
სებ-ის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ლარის სესხების წახალისებას და მსესხებლების სავალუტო რისკებისგან დაცვას, რასაც დოლარიზაციის მაღალი დონე განაპირობებს.
„ბოლო წლებში არსებული პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, დოლარიზაცია და მასთან დაკავშირებული რისკები ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილის, რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობისა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე.
ზემოთაღნიშნული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის პირველი იანვრიდან უცხოური ვალუტის არაჰეჯირებული სესხების ლიმიტი 200 000-დან 300 000 ლარამდე გაზარდა. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით აქტიურად განაგრძობს მუშაობას აღნიშნული ლიმიტის ეტაპობრივი ზრდის კუთხით მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით.
მიმდინარე მაკროეკონომიკური და მაკროფინანსური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. შემცირებული ინფლაციის კვალდაკვალ რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება ლარის სესხებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მოსახლეობისა და ბიზნესისთვის, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება საკრედიტო აქტივობაზე.
სტაბილურია ლარის ფონდირების ზრდა და ბანკებს აქვთ საკმარისი ლიკვიდობა, რომ შეუფერხებლად დააკრედიტონ ადგილობრივ ვალუტაში. ამასთან გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, შემცირებულია მოთხოვნა უცხოური ვალუტის სესხებზე.
აღნიშნული გარემოებები სასურველ წინაპირობას ქმნის უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის გასაზრდელად ეკონომიკაზე მინიმალური გავლენით. შესაბამისად, ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდის,:- წერია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.