ინდოეთის მოსახლეობა 1 425 775-ს გადასცდა და გადაუსწრო ჩინეთს, რომელიც ამ დრომდე მსოფლიო ლიდერი იყო.
ჩინეთის მოსახლეობამ პიკს – 1,426 მილიარდს 2022 წელს მიაღწია და შემდეგ კლება დაიწყო. გაერო-სა და დემოგრაფიული ორგანიზაციების პროგნოზები მიუთითებს იმაზე, რომ საუკუნის ბოლომდე ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება 1 მილიარდზე დაბლა ჩამოვიდეს. ინდოეთის მოსახლეობის ზრდა კი რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდება.
მოსახლეობის მუდმივი ზრდა ინდოეთში და დეპოპულაცია ჩინეთში იმას ნიშნავს, რომ ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა ხდება.
დემოგრაფების გათვლებით, 2037 წელს მსოფლიო მოსახლეობის რიცხვი 9 მილიარდს მიაღწევს და აქედან 1,6 მილიარდი ინდოელი იქნება.
ამჟამად ინდოეთის მოსახლეობა 1,425 მილიარდია, რაც თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი 50-იანი წლების შემდეგ, როცა ქვეყანაში 361 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
ინდოეთის მოსახლეობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში 430 მილიონით მოიმატა.
შობადობა ინდოეთსა და ჩინეთში
ჩინეთის მოსახლეობამ უკვე დაიწყო კლება. ინდოეთში – ჯერ კიდევ იზრდება, თუმცა, შობადობის მაჩვენებელი მცირდება.
1960-იან წლებში ინდოეთში ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი თითქმის 6-ს შეადგენდა, მაგრამ დღეს მხოლოდ 2-ია. ინდოეთის მხოლოდ ხუთ შტატს აქვს შობადობის მაჩვენებელი 2-ზე მაღალი.
მაგრამ დაბალი ნაყოფიერების პირობებშიც კი, მოსახლეობა ყოველთვიურად ერთი მილიონით იზრდება. ეს განპირობებულია „პოპულაციის იმპულსით“, როცა მოსახლეობა განაგრძობს ზრდას მაშინაც კი, თუ შობადობა შემცირდება.
შესაბამისად, იცვლება ინდოეთის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა.
ქალები, რომლებიც იმშობიარებენ 2048 წლამდე, უკვე დაბადებულები არიან და ეს ქალები ამბობენ, რომ საშუალოდ 1,6 შვილის ყოლა უნდათ, ამიტომ ნაყოფიერება, სავარაუდოდ, კლებას დაიწყებს.
ინდოეთი ცოტა ხნით შედარებით ახალგაზრდად დარჩება, მაგრამ მომდევნო 25 წელიწადში ინდოეთში უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანი იქნება და მოსახლეობას მხოლოდ 230 მილიონი დაემატება.
დასავლეთ ევროპაში 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის15%-დან 30%-მდე გაზრდას 75 წელი დასჭირდა. ექსპერტების შეფასებით, იმავე ცვლილებას ინდოეთში მხოლოდ 34 წელი დასჭირდება.
ჩინეთისგან განსხვავებით, ინდოეთს არ გაუკეთებია დიდი ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
იგულისხმება წიგნიერების გაზრდა, განსაკუთრებით ქალებისთვის, განათლება და ინვესტიციები ჯანდაცვაში, რაც ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ჩანს.
ორი ინდოეთი
შობადობისა და ემიგრაციის მაჩვენებლები განსხვავებულია ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში. ინდოეთი ერთდროულად არის როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმული ქვეყანა.
ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში დგას ჯანმრთელობის გაუარესებასა და განათლების არქონის პრობლემა, ხოლო სამხრეთში მოხუცთა სახლების დეფიციტია. ქვეყანას ერთდროულად უწევს მოსახლეობის ორი ძალიან განსხვავებული პრობლემის მოგვარება.
ასევე განსხვავებაა მამაკაცებისა და ქალების დასაქმებას შორის.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ინდოელი ქალების მხოლოდ 23% ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს, მაშინ როცა ჩინეთში ეს მაჩვენებელი 63%-ია.
ინდოეთში, ქალების დიდი ნაწილი არაფორმალურ ეკონომიკაშია დასაქმებული, რაც ქალებს სიბერეში ფინანსური დაუცველობის უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს.
ინდოეთში უმაღლეს განათლების მქონე ქალები სჭარბობენ მამაკაცებს, მაგრამ ინდოეთის ეკონომიკაში კვლავაც მამაკაცები დომინირებენ.
ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ სოფლად ცხოვრობს, თუმცა ინდოეთის ქალაქები სტაბილურად იზრდება.
დელი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანას ურბანიზაციის გათვალისწინებით მაინც ჩამორჩენა აქვს.
გაერო ინდოეთის ურბანიზაციის დონედ 33%-ს ასახელებს, ხოლო ჩინეთის ურბანიზაციის მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს.
ურბანიზაცია ეკონომიკური პოტენციალის ზრდის საკვანძო ინდიკატორს წარმოადგენს, ამიტომ ინდოეთის დაბალი ურბანიზაცია შეზღუდავს მის ეკონომიკურ ზრდას.