ყულევში ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს კომპანია Black Sea Petroleum ააშენებს.
ეკონომიკის მინისტრის – ლევან დავითაშვილის თქმით, ახალი სამრეწველო კომპლექსის მშენებლობა, სადაც ნავთობპროდუქტები გადამუშავდება, რამდენიმე ფაზად იყოფა. პირველ ეტაპზე აშენდება ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, სადაც მინიმუმ, $30 მილიონის ინვესტიციები ჩაიდება. შემდეგ, ტერიტორიაზე აშენდება სამრეწველო ობიექტები.
Black Sea Petroleum-ის 70%-ს ოფიციალურად მაკა ასათიანი ფლობს. 30%-ს – Trade stone Iberia. ამ კომპანიის 70% ისევ მაკა ასათიანის სახელზეა გაფორმებული, ხოლო 30%-ის მესაკუთრედ სოფო თავართქილაძეა რეგისტრირებული.
ტერმინალის რეალური მფლობელი ცხადია, მაკა ასათიანის მეუღლე ბიზნესმენი კოტე გოგელიაა. ის, წლების განმავლობაში, რუსეთში საქმიანობს და არაერთ კომპანიას ფლობს. არის Nefteresurs-ისა და Arctic Bunker-ის დამფუძნებელი. გოგელიას კომპანიები მართავენ ტერმინალებს მურმანსკსა და ნოვოროსიისკში. ასევე, მისი კომპანიები ეწევიან მყარი, თხევადი და აირისებრი საწვავისა და მსგავსი პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობასა და გადაზიდვას. მის სატრანსპორტო კომპანიას პირდაპირი კონტრაქტი აქვს გაფორმებული რუსულ Gazpromtrans-თან. გოგელია ასევე, საქმიანობს ქვანახშირის მოპოვებისა და აზარტული თამაშების სფეროში რუსეთის ფედერაციაში.
ბიზნესმენი კოტე გოგელია ბიზნესის რუსეთიდან საქართველოში გადმოტანას ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლისთანავე გეგმავდა. მას ჭიათურისა და ტყიბულის სამთომომპოვებელ, სასტუმროებისა და აზარტული თამაშების ბიზნესსა და გაზის იმპორტში ჩართვის ინტერესიც ჰქონდა. სცადა პოლიტიკაში ჩართვაც. ფინანსურად ეხმარებოდა ოპოზიციას სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლაში. აფინანსებდა 2011 წლის აქციებს. ამავე პერიოდში შეიძინა ტელეკომპანია მაესტროს წილი, თუმცა, შემდეგ გაყიდა და აქტიურ პოლიტიკას ჩამოსცილდა.