საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი აღარ გაიმართება და მათ საქართველო დატოვეს. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა.
„მართალია, საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე პირობა, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება. ეს არის საზოგაოდების ერთგვარი გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
19 მაისს ტვ მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები სასტუმრო ყვარლის ტბაზე იმყოფებოდნენ, სადაც ქორწილის გადახდას აპირებდნენ. ქორწილი ლავროვის სიძის – ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ჰქონდა.
სასტუმრო ყვარლის ტბის ადმინისტრაციამ უარყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის შვილის ყვარლის ტბაზე სტუმრობა. ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ჰყავდათ.