ამერიკელები გააფრთხილეს, შეწყვიტონ შოპინგი ჩინური აპლიკაციის Temu-ს მეშვეობით, რადგან აპლიკაციის ძირითადი მიზანი მომხმარებლების პირადი მონაცემების შეგროვებაა.
“Temu არ არის ონლაინ ვაჭრობის ბიზნესი, როგორიცაა Amazon ან Walmart. ეს არის მონაცემთა ქურდობის ბიზნესი”, – აფრთხილებს მომხმარებლებს არკანზასის გენერალური პროკურორი ტიმ გრიფინი.
”ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე ახალი არ არის და ის რეალურია. Temu ცდილობს გარკვეული მომხმარებლის მონაცემების შეგროვებას, მიზნის მისაღწევად”, – თქვა გრიფინმა Fox Business-თან 2 ივლისს, ერთი კვირის შემდეგ, რაც მისმა ოფისმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა,
პროკურორის თქმით, კომპანია იყენებს ჯაშუშურ პროგრამებს „ტელეფონში, მოწყობილობაში შესვლისა და თქვენი მონაცემების შესაგროვებლად, თქვენს ინფორმაციაზე სრული წვდომისთვის. მათი კოდი ისეა დაწერილი, რომ ვერ მოხდეს ამის გამოვლენა“.
მისივე თქმით, Temu-ს მართავს შანხაიში დაფუძნებული დედა კომპანია Pinduoduo Inc., რომლის მფლობელებს შორის არიან „ჩინელი ყოფილ კომუნისტი ჩინოვნიკები“.
Temu-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით, გრიფინი ითხოვს ჩინური კომპანიის საქმიანობის აკრძალვას მონაცემთა შეგროვების საქმიანობის გამო.
სარჩელი ეყრდნობა Grizzly Research-ის კვლევას, რომელიც საჯარო სავაჭრო ფირმების ანალიზს აკეთებს. კვლევა ამტკიცებს, რომ ჩინურ კომპანიას შეუძლია „მიზანმიმართულად მოიპოვოს შეუზღუდავი წვდომა მომხმარებლის ტელეფონის ოპერაციულ სისტემაზე, ასევე ტექსტურ შეტყობინებებზე, დოკუმენტებსა და სხვა აპლიკაციებზე“.
Grizzly Research გამოთქვამს ეჭვს, რომ Temu უკანონოდ ყიდის ან აპირებს გაყიდოს დასავლეთის ქვეყნების მომხმარებლებისგან მოპარული მონაცემები.
”ვარაუდობენ, რომ Temu $30-ს კარგავს შეკვეთაზე. მისი სარეკლამო ხარჯები და ტრანსპორტირების ხარჯები (ჩინეთიდან 1-დან 2 კვირამდე, დაჩქარებული მიწოდება აშშ-ში) არის ასტრონომიული“, – ნათქვამია მოხსენებაში.
Temu უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ „ენერგიულად დაიცავს თავს“.