საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად, 10.25%-ს შეადგენს.
პოლიტიკის შემსუბუქების მთავარ ფაქტორად სებ-ი ინფლაციის კლებას ასახელებს, რომელიც ივნისში წლიური 0.6% იყო, რასაც საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი.
კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულისა და ნავთობის ფასებს კლებადი ტენდენცია აქვს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულება თითქმის პანდემიამდელ დონემდე შემცირდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. ინფლაციის კლებას, ასევე, ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები.
შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და ივნისში ის 8.5% გაუტოლდა.
სებ-ის პროგნოზით, წლის განმავლობაში, მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება.
ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის.
საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა.
„იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება. გარდა ამისა, შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები კვლავ გასათვალისწინებელია.
ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება წარმოების ხარჯებს გააძვირებს და საბოლოოდ ფასებზეც აისახება.
ამ რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს და, წინა სხდომაზე უცვლელად დატოვების შემდეგ, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25%-ით ამცირებს.
ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.