ეროვნული ბანკი კრედო ბანკს 30 ათასი ლარით აჯარიმებს.
სანქციის მიზეზი ორ პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის“ კანონმდებლობის დარღვევაა.
როგორც ირკვევა, კრედომ ეროვნულ ბანკს შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაცია 2-ჯერ არასწორად წარუდგინა.
ეროვნული ბანკი დაჯარიმების მიზეზებს დეტალურად განმარტავს:
- 2 (ორ) პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; დამატებით, მათ შორის 1 (ერთ) პირთან მიმართებით დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრების მიმართ, ამავე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა. ხოლო მეორე პირის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის №82/04 ბრძანებით დამტკიცებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს“ დანართი N1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც პოლიტიკურად აქტიურ პირს მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიანიჭოს რისკის მაღალი დონე.
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევა.