ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პერიოდულად სხვადასხვა სოციალურ ქსელში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ.
ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ არანაირი მსგავსი სახის ონლაინგათამაშების ორგანიზებას არ ახდენს.
პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ფიშინგის, ანუ ამ მონაცემებით თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტსივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა.
-
შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება.
-
გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი – ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ.
-
შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი). ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს.
-
დააკვირდით, რომ ტექსტი შინაარსობრივად იყოს გამართული და არ შეიცავდეს ორთოგრაფიულ შეცდომებს.
-
უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს.
-
გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი – www.WHO.is, მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია.
-
გადახდის სანდო წყარო – ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.