ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა, ინფლაციის შემცირების მიზნით მიიღო, ბაზარზე მაღალი გაურკვევლობისა და რისკების გათვალისწინებით.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიჩნია, რომ დასტაბილურების ნიშნების მიუხედავად, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. ინფლაციის წლიური მაჩვენებელი საქართველოში შემცირებას განაგრძობს, თუმცა, ისევ მაღალია.
თებერვალში მთლიანი ინფლაცია 8.1%-მდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6.6% -მდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, ძირითადად, საგარეო ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ბოლო პერიოდში, ნავთობის საერთაშორისო ფასი მცირდება. საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ასევე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი კლებას განაგრძობს.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ გამყარებული ლარის კურსის ფონზე, აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტულ ინფლაციას შეამცირებს. რადგან შემცირების მიუხედავად, ქვეყანაში ინფლაცია კვლავ მაღალია, კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაციის შენარჩუნებას.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული (მაკროპრუდენციული პოლიტიკა ჭარბი დაკრედიტების, დოლარიზაციის, ჭარბი კონცენტრაციისა და სხვა სისტემური რისკების შემცირებას გულისხმობს. მისი მიზანია არსებული რისკების მიმართ ფინანსური სისტემის მდგრადობის ზრდა) ინსტრუმენტებისა და გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდა შენელდა. ეს, თავის მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებასა და, შესაბამისად, ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შენარჩუნებას დამატებით უწყობს ხელს. ზემოაღნიშნულის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინებიც იკლებს. არსებული პროგნოზით, მათ შორის საბაზო ეფექტისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება, რაც გრძელვადიანი მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
აღნიშნული პოზიტიური ფაქტორების პარალელურად, ინფლაციის ზრდის რისკს ქმნის შრომის ბაზრიდან მომდინარე შესაძლო წნეხი. კერძოდ, ბოლო პერიოდში სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა ჩამორჩება ხელფასების ზრდის ტემპს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასები წლიურად 21.2%-ით გაიზარდა მაშინ, როდესაც პროდუქტიულობამ მხოლოდ 6.8% -ით მოიმატა. ეს ტენდენცია აისახება ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ფასებზე, რომელთა ზრდის ტემპი კვლავ მაღალია და 13.8%-ს შეადგენს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, რომ მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება გახდება შესაძლებელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფლაციის ადგილობრივი კომპონენტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება.