დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრების კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანდიდატების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა, მედიამ რამდენიმე მათგანის ვინაობა დაასახელა.
როგორც ცნობილია, კანდიდატებს შორის არიან – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერი არჩილ იაკობაშვილი, ილიაუნის ეკონომიკის პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე მაია გიქოშვილი.
რამდენიმე მედიასაშუალებამ ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატების სიიდან ამოიღო ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბჭო თავისი წევრებიდან ირჩევს. საბჭოს წევრები კი ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება.
კობა გვენეტაძეს სებ-ის პრეზიდენტობის ვადა 2023 წლის 2 მარტს ამოეწურა.
ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც ჩნდებოდა სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ცვლილების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის ფუნქციას ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა.
23 თებერვალს კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. არ არის გამორიცხული, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოისურვოს.