რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მარცვლეულის დერეფანი კიდევ ორი თვე იარსებებს.
მარცვლეულის შეთანხმება, რომლის წყალობითაც უკრაინას შეუძლია, ხორბლის ექსპორტი შავი ზღვის დერეფნის გავლით განახორციელოს, ორი თვით გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.
„ჩვენი ქვეყნის ძალისხმევის, ჩვენი რუსი მეგობრების მხარდაჭერისა და უკრაინელი მეგობრების წვლილის წყალობით, გადაწყდა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების კიდევ ორი თვით გახანგრძლივება“, – დაწერა მან.
მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება რუსულმა მხარემაც დაადასტურა.
„მარცვლეულის დერეფანი გახსნილია, ის 18 ივლისამდე გაგრძელდება. მსოფლიო გააგრძელებს უკრაინული პროდუქციის მიღებას ჩვენი პარტნიორების – თურქეთისა და გაეროს ძალისხმევის წყალობით. ჩვენი მიზანმიმართული პოზიციაა, რომ შეთანხმებამ მომავალში იმუშაოს ყველა მხარის მიერ ხელმოწერილი პირობებით“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა კუბრაკოვმა.
თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ახლა 70 გემი დგას, რომლებიც უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის ნებართვას ელოდებიან.
რუსულმა მხარემ მარცვლეულის დერეფნის მუშაობა არაერთხელ დაბლოკა.
ის დერეფნის გახსნის სანაცვლოდ თავის პირობებს აყენებს, მათ შორის არის სასუქების ექსპორტის აღდგენა მისი ინტერესების გათვალისწინებით.