ენერგეტიკულ ბირჟაზე, რომელიც 2024 წლის 1 ივლისს გაიხსნა, უმნიშვნელო მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრება. გასულ წელს, ბირჟის პლატფორმით, ჯამში 17.5 გვტ.სთ, ანუ მთლიანი მიწოდების მხოლოდ 0.1% გაიყიდა.
ენერგეტიკულ ბირჟაზე ბოლო ვაჭრობა 2024 წლის 13 ნოემბერს შედგა. ნავაჭრი ელექტროენერგიის მოცულობა მხოლოდ 483 ათასი კვტ.სთ იყო, რომლის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 13.9 თეთრი შეადგინა. მას შემდეგ ბირჟაზე გარიგებები არ დადებულა.
Galt & Taggart– ის შეფასებით, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდება, რაც ქვეყანა საათობრივ ანგარიშსწორებაზე გადავა. აღნიშნული ცვლილება დაგეგმილია 2025 წლის ივლისისთვის, თუმცა Galt & Taggart– ის მოლოდინით, კვლავ გადაიდება.
როგორც ცნობილია, ენერგეტიკული ბირჟა დღით ადრე რეჟიმში, ნებაყოფლობითი პრინციპით მუშაობს. სამიზნე მოდელი კი სავალდებულო დღიური ბაზარი, ბოლოს კი საათობრივი ბაზარია.
ენერგეტიკულ ბირჟაზე 21 რეგისტრირებული მომხმარებელია.
ბირჟაზე მონაწილეობის წასახალისებლად, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე, ბირჟაზე არსებული საკომისიოები განულებულია.