მეორადი ელექტრომობილები იაფდება.
გამოკითხული მომხმარებლების მხოლოდ 18% ამბობს, რომ იყიდიან ელექტრომობილს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ Business Insider წერს iSeeCars-ის ბოლო კვლევაზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ელექტრომობილების გაყიდვებიც და ფასებიც ამერიკის ბაზარზე გასული წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. კერძოდ, 2023 წელს ბენზინზე მომუშავე მეორადი ავტომობილები 3-7%-ით გაიაფდა, ხოლო ელექტრომობილების ფასი 30-39%-ით დაეცა.
კვლევაში BMW 3 სერიის ავტომობილის ფასი შედარებულია Tesla Model 3-თან: თუ Tesla-ს ფასი გასული წლის ივნისში $2,635-ს აღემატებოდა, 2024 წლის მაისში ის BMW-ზე $4,806-ით ნაკლები ღირდა.
„აშკარაა, რომ მყიდველები მეორად ელექტრომობილებში უფრო მეტს აღარ გადაიხდიან ტრადიციულ მოდელებთან შედარებით”, – აღნიშნავენ მკვლევრები.
მათი თქმით, ამჟამად აშშ-ის მეორადი ბაზარზე ბევრად მეტი მანქანაა, ვიდრე ახალი ავტომობილების ბაზარზე და მეორადი ავტომობილის ღირებულება, სწრაფად მცირდება. სულ უფრო მეტი EV შედის მეორად ბაზარზე დაბალ ფასებში. 2022 წელს შეერთებული შტატების ბაზარზე 176 918 მეორადი ელექტრომობილი იყო. მიმდინარე წელს მაისში, ეს რიცხვი 45 000-მდე გაიზარდა.
როგორც კვლევამ აჩვენა, ელექტრომობილებზე მოთხოვნას ამცირებს ტექნოლოგიური შეზღუდვები, დამტენ სადგურებზე შეზღუდული წვდომა და მძღოლების უკმაყოფილება დატენის გარეშე გავლილ მანძილთან დაკავშირებით.
სამაგიეროდ, მომხმარებელთა ინტერესი უფრო მეტად მიმართულია ჰიბრიდული მოდელებისკენ. რესპონდენტთა თითქმის მესამედმა აღნიშნა, რომ ის ამ ტიპის მანქანას შეიძენს.
მეორადი ელექტრომობილების ფასების ბოლო შემცირების მთავარ ფაქტორად გამოცემა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს ასახელებს, რომელმაც 2023 წელს ამ ინდუსტრიაში ფასების ომი დაიწყო. შედეგად, ელექტრომობილებზე Model X, Y და S ფასების შემცირება დაიწყო და გაიაფების პროცესი 2024 წლამდე გაგრძელდა.
ავტობრენდები ელექტრომობილების წარმოებას ამცირებენ
ანალიტიკოსების თქმით, ბაზარზე არსებული ვითარება იმოქმედებს ელექტრომობილების წარმოებაზე. ფასების დაცემამ შეიძლება რეალურად შეაფერხოს ფართო წარმოება. მაგრამ ამის კომპენსირება შეიძლება მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ბატარეების ტექნოლოგიები მუდმივად უმჯობესდება და იზრდება მისი გამოყენების ხანგრძლივობა.
მაგალითად, General Motors-მა ცოტა ხნის წინ შეამცირა ელექტრომობილების გაყიდვები და წარმოება 200,000–300,000-ის დიაპაზონიდან 200,000–250,000–მდე ჩამოიყვანა.
შედეგად, ელექტრომობილების წილი GM-ის გაყიდვებში 3%-ზე დაბლა ჩამოვიდა.
Ford-მა ზარალი განიცადა მისი Model E ელექტრომობილების გამოშვებით, როცა კომბინირებული ჰიბრიდული და ელექტრომობილების გაყიდვები მაისში გაიზარდა.