საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში დამგროვებელი ბატარეების დანერგვა იწყება. ბატარეების გამოყენებით უნდა გაიზარდოს ელექტრული ქსელის საიმედოობა. ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის.
რატომ არის ბატარეებში ენერგიის დაგროვება მნიშვნელოვანი და რა არის მისი სარგებელი?
ბატარეებში ელექტროენერგიის დაგროვებით იქმნება რეზერვი, რომელიც ზრდის სისტემის საიმედოობას. დაგროვილი ენერგიის გამოყენება იწყება პიკური მოთხოვნის დროს, როცა ის ყველაზე ძვირი ღირს. ამიტომ ენერგიის ბატარეებში დაგროვებამ შესაძლებელია, შეამციროს ფასები და მისი მერყეობა.
ბატარეებში ელექტროენერგიის შენახვა ხდება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, როგორიცაა მზის და ქარის ენერგიები და მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელს ის ყველაზე მეტად სჭირდება.
ბატარეების გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად. მისი დამუხტვა და განმუხტვა ათასზე მეტჯერ შეიძლება.
ბატარეების ტექნოლოგიას განვითარებული ქვეყნები იყენებენ წიაღისეული საწვავის განახლებადი ენერგიით შესაცვლელად. რაც ნიშნავს ძვირიან ენერგიის ბევრად უფრო იაფი მწვანე ენერგიით ჩანაცვლებას.
ბატარეების რეგულირებას სემეკი განახორციელებს
ევროკომისია დაეხმარება სემეკს დამგროვებელი ბატარეების რეგულირების სფეროში.
პროექტი განხორციელდება ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში.
მხარდაჭერის პროგრამა დაეხმარება სემეკს, ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის დამგროვებელი ბატარეების დანერგვას, რასაც დადებითი ეფექტი ექნება ელექტრული ქსელის საიმედოობის გაუმჯობესების კუთხით.
პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება ქსელზე მიერთების ტექნიკური მოთხოვნები, ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურაში ელექტროენერგიის დამგროვებელი სისტემების ინტეგრაცია, ელექტროენერგიის დამგროვებელი ბატარეების ბიზნესმოდელები და წახალისების მექანიზმები. ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები ელექტროენერგიის დამგროვებელი ბატარეების რეგულირების სფეროში.