ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაციის კლების პარალელურად მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და საპროცენტო განაკვეთები 25 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
როგორც ევრობანკის განცხადებაშია ნათქვამი, რეფინანსირების განაკვეთი ახლა 3.25%-ს შეადგენს.
გადაწყვეტილება ანალიტიკოსების პროგნოზს დაემთხვა, რომლებიც ინფლაციის კლების პარალელურად განაკვეთის კლებას ვარაუდობდნენ.
„ინფლაციის შესახებ არსებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ დეფლაციის პროცესი გრძელდება“, – ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
სასესხო პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება განაპირობა ევროზონაში ინფლაციის კლებამ. ფასების საერთო დონე სექტემბერში 1,7%-მდე შემცირდა, აგვისტოში დაფიქსირებული 2,2%-დან.
კლება ძირითადად ენერგეტიკული ფასების დაცემამ განაპირობა, თუმცა ძირითადი ინფლაცია – ენერგეტიკისა და სურსათის არასტაბილური ფასების გამოკლებით – 2.7%-მდე დარჩა. მომსახურების ინფლაცია 3.9%-ს შეადგენს.
ეკონომისტების აზრით, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის ძირითადი მაჩვენებელი 2024 წლის დანარჩენი პერიოდისთვის 2%-თან ახლოს იქნება, თუმცა შესაძლოა ოდნავ გადააჭარბოს მიზნობრივ მაჩვენებელს.
„უახლესი მოვლენები აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ინფლაცია დროულად დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს“, – თქვა ევრობანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ევროპარლამენტში გამოსვლისას გასულ თვეში.