ევროპაში მოგზაურობის ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის(ETIAS) ამოქმედება ევროკავშირმა 2024 წლისთვის გადადო. გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს მიიღეს.
ETIAS არის მოთხოვნა შენგენის ზონაში ვიზისგან თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპის 30 ქვეყანაში. სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ. ETIAS სისტემა ანკეტას დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს. მომსახურების გადასახადი €7 ევროთი განისაზღვრა.
ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო., თუმცა, მიიჩნიეს, რომ ბევრგან პორტების, სარკინიგზო და სახმელეთო ინფრასტრუქტურა ახალი სისტემის დანერგვისთვის მოუმზადებელია.
ევროკავშირმა ამ სისტემაზე გადასვლა მეტი უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა. მისი ამოქმედება თავდაპირველად 2022 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის და ფინანსური და ტექნიკური საკითხების გამო რამდენჯერმე გადაიდო.