ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი დაეცა. წლევანდელი ცივი ზამთრის მიუხედავად რეგიონს გაზმომარაგების პრობლემა არ შეექმნება, რადგან აირის უზარმაზარი მარაგი აქვს.
როგორც The Financial Times წერს, ბუნებრივი აირის საორიენტაციო ფასმა იანვრის დასაწყისში ამსტერდამში ხუთთვიან მინიმუმს მიაღწია.
ევროპამ გაზის მარაგების გაზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. ევროკავშირში არსებული გაზსაცავები ზამთრისთვის თითქმის მთლიანად შეავსო, ჭარბი აირის ნაწილი კი უკრაინაში განათავსა.
Gas Infrastructure Europe-ის ცნობით, გაზსაცავები, ორშაბათის მდგომარეობით, სავსე იყო 83%-ით, რაც მაქსიმალური დონეა 2011 წლის შემდეგ.
ასევე, ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წელს თითქმის 100 მილიონი ტონა თხევადი გაზის იმპორტი განახორციელეს, რაც 5%-ით მეტია 2022 წლის შესყიდვებთან შედარებით.
კიდევ გაიაფდება ბუნებრივი აირი?
პროგნოზის თანახმად, ევროპაში სიცივე დიდხანს არ გაგრძელდება და უკვე მომავალ კვირას კონტინენტური ევროპის დიდ ნაწილში ამინდი ჩვეულებრივზე თბილი იქნება. შესაბამისად, დაიკლებს მოხმარება. ვარაუდობენ, რომ მარტის ბოლომდე გაზსაცავები შესაძლოა, 50-55%-ით იყოს სავსე.
მარაგების შენარჩუნებას და ფასების კლებას ხელს ისიც უწყობს, რომ მოთხოვნა დიდი მომხმარებლებისგან, როგორიცაა სამრეწველო საწარმოები, მცირდება. სამრეწველო გაზზე მოთხოვნა წინა წელს ევროპის 12 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, 2017-2021 წლების საშუალო მოხმარებაზე 23.5%-ით დაბალი იყო.
ბოლოდროინდელი გაიაფების მიუხედავად, გაზის ფასი ჯერ მაინც მაღალია უკრაინის ომამდე არსებულ დონესთან შედარებით.