2 მაისამდე პოლონეთმა უნდა გააუქმოს უკრაინიდან ათეულობით საკვები პროდუქტის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა და შეცვალოს იგი ევროკომისიის გადაწყვეტილებით.
ევროკომისიის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ ემბარგო დარჩება მხოლოდ ოთხი დასახელების პროდუქტზე – ხორბალზე, სიმინდზე, რაფსის მარცვალსა და მზესუმზირაზე.
რეგულაცია, რომელიც ევროკომისიამ უკრაინის მეზობელ 5 ქვეყანასთან – ბულგარეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან შეათანხმა, 2 მაისს უნდა ამოქმედდეს.
ამ ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ გააუქმებენ მათ მიერ შემოღებულ შეზღუდვებს და შეუერთდებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იყოს აცილებული პარალელური აკრძალვები.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა კიევმა გააპროტესტა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება, რაც მისი თქმით, ეწინააღმდეგება ასოცირების შეთანხმებას.
ოფიციალურმა კიევმა საპროტესტო ნოტები გადასცა პოლონეთისა და ევროკავშირის ელჩებს.