ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი აამოქმედა. სიაში 61 ფიზიკური და 86 იურიდიული პირი შედის.
მათ შორის არიან დიმიტრი მედვედევის ვაჟი და ვლადიმერ პუტინის დისშვილი ანა ცივილევა. ასევე, ტელეარხები – ცარგრადი და სპასი, ჯგუფი ალფასტრახოვანიე და ალაბუგას სპეციალური ეკონომიკური ზონა.
სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს რუსული ბრილიანტების, ქიმიკატების, თერმოსტატებისა და ლითიუმის ბატარეების ექსპორტის აკრძალვას.
მაგრამ ევროკავშირმა უარი თქვა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის სანქცირებაზე.
როგორც ირკვევა, ამ საკითხზე ევროსაბჭოში თანხმობა არ იყო. საბჭოს წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება აღარ მიიღეს რუსეთის მხრიდან გაზის გაძვირების საშიშროების გამო, რაც გლობალურად გაზრდიდა ენერგიას ფასებს.
„ამგვარი ღონისძიების წმინდა გავლენა რუსეთის შემოსავლებზე, სავარაუდოდ, შეზღუდული იქნება, რადგან რუსეთს შეუძლია, თავისი ექსპორტის ძირითადი ნაწილი სხვა ბაზრებზე, განსაკუთრებით აზიაში გადაიტანოს.
გარდა ამისა, რუსეთი სავარაუდოდ ისარგებლებს გაზის გლობალური ფასების გაზრდით ემბარგოს გამო. ბაზრები ძალიან ცვალებადია და ზედმეტად რეაგირებს მცირე მიწოდებისა და მოთხოვნის შოკებზე“, – აღნიშნულია ევროკავშირის განმარტებაში.