ჩინური ელექტრომობილების (EV) მწარმოებლებს ევროკავშირი იმპორტის გაზრდილ ტარიფებს 4 ივლისიდან დაუწესებს, “თუ ჩინეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ეფექტურ შედეგს არ გამოიწვევს”.
ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების შეტევისგან ადგილობრივი ბაზრის დაცვას ცდილობს და იძიებს, ასუბსიდირებს თუ არა ჩინეთის მთავრობა იაფ ჩინური ავტომობილების ევროპაში ექსპორტს.
პეკინი ამტკიცებს, რომ ტარიფების გაზრდა არღვევს საერთაშორისო ვაჭრობის წესებს და ევროკომისიის დაწყებულ გამოძიებას “პროტექციონიზმი” უწოდა.
ელექტროავტომობილების მწარმოებლებს, რომლებიც ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რომელიც ევროკომისიამ ოქტომბერში დაიწყო, საშუალოდ 21%-იანი გადასახადი დაეკისრებათ, ხოლო მათთვის, ვინც თანამშრომლობაზე უარს იტყვის, განაკვეთი 38,1%-დან დაიწყება.
იმავდროულად, კონკრეტული გადასახადი დაეკისრება სამ კომპანიას:
BYD: 17.4%
Geely: 20%
SAIC: 38.1%
ასევე ტარიფები გაეზრდებათ არაჩინურ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ზოგიერთი მარკის ელექტრომობილს ჩინეთში, მათ შორის ევროკავშირში დაფუძნებულ კომპანიებს, როგორიცაა BMW.
კომისიამ განაცხადა, რომ Tesla-ს შესაძლოა „ინდივიდუალურად გამოთვლილი განაკვეთი” დაუწესონ, კონკრეტული მოთხოვნის გამო.
ეს გადასახადები დაემატება ჩინეთში წარმოებულ ყველა ელექტრომობილზე დაწესებულ 10%-იან ტარიფს.
შეერთებულმა შტატებმა წინა თვეში უკვე გაზარდა ტარიფი ჩინურ ელექტრომობილებზე 25%-დან 100%-მდე.
ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ(ACEA) გადასახადის გაზრდაზე უარყოფითი პოზიცია გამოხატა და განაცხადა, რომ „თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა“ აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპული ავტომობილების ინდუსტრია დარჩეს კონკურენტუნარიანი.
ჩინეთმა 2000-იანი წლების დასაწყისიდან უზარმაზარი რესურსები გამოუყო ამ სექტორს ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რამაც იაფი ელექტრომობილების დიდი ტალღა გამოიწვია ევროკავშირის და აშშ-ის ბაზარზე. ევროპის და ამერიკის პორტები ჩინური მანქანებით გადაივსო. ჩინურ იმპორტთან არაკონკურენტულ სიტუაციში აღმოჩნდა ავტომობილების ადგილობრივი წარმოება, რომელსაც ელექტრომობილები გაცილებით ძვირი უჯდება.