ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მოლდოვას შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის განმტკიცების მიზნით €70 მილიონი ევრო გამოყოს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
ასევე აღნიშნულია, რომ უახლესი დახმარების ღონისძიებები ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების არმიების ოპერატიული ეფექტურობის გაუმჯობესებას. ასევე დააჩქარებს მათ შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან და თავსებადობას.
საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს დახმარების პროგრამა 36/თვიანია და უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და მომსახურების დაფინანსებას, მოთხოვნის შემთხვევაში, ტექნიკური მომზადების ჩათვლით. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, მართვისა და კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვის აღჭურვილობას.
მოლდოვა 40 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს.
„ამ ახალი დახმარების საშუალებით ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვას რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზაციის მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის გაძლიერებას. ეს გაზრდის მათ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა.
ეს არის დახმარების მესამე პაკეტი ორივე ქვეყნისთვის, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდიდან ფინანსდება.