ევროკავშირი რუსული აქტივების სამუდამოდ გაყინვას განიხილავს, ამის შესახებ Financial Times წერს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა გააყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის 200 მილიარდ ევროზე მეტი ($217 მილიარდი) აქტივი.
ორშაბათს ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის შემდეგ, ჯოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინა აგვისტოში მიიღებს სამხედრო დახმარების პირველ ნაწილს- 1,4 მილიარდ ევროს ($1,5 მილიარდი), რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ მოგებას წარმოადგენს.
12 ივნისს G7-მა განაცხადა, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინისთვის მიყენებულ ზარალზე, რომელმაც $486 მილიარდს გადააჭარბა. ისინი შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე უკრაინას $50 მილიარდი გამოუყონ გაყინული რუსული აქტივებიდან.
ევროკავშირის 27 ელჩი ასევე განიხილავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების სამუდამო გაყინვის სტრატეგიას. მას ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. ეს შეიძლება პრობლემა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი ხელს უშლის მსგავს ინიციატივებს.
კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, ევროკავშირის სურვილი გამოიყენოს “მოპარული” ნაღდი ფული უკრაინისთვის იარაღის შესაძენად “უპასუხოდ არ დარჩება”. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი ჯარიმებს დაუწესებს ყველას, ვინც გადაწყვეტს გამოიყენოს რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები.
20 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ თუ დასავლეთი მის სუვერენულ აქტივებს ჩამოართმევს, რუსეთში მოხდება დასავლური აქტივების კონფისკაცია, რომელიც რუსეთში მნიშვნელოვანი რაოდენობით არის.