ევროკავშირი და ჩინეთი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რაც სავარაუდოდ, დაასრულებს ელექტრომობილების იმპორტთან დაკავშირებით არსებულ სავაჭრო დაძაბულობას.
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნდ ლანგემ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირი და ჩინეთი შეთანხმდებიან, რომ გაუქმდეს მაღალი ტარიფები ჩინეთის ელექტრომობილების იმპორტზე.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ჩინურ მხარესთან ელექტრომობილებთან დაკავშირებით. ჩვენ ახლოს ვართ გადასახადების გაუქმებასთან: ჩინეთს შეუძლია ევროკავშირში ელექტრომობილები მინიმალურ ფასად შეიტანოს. ეს მოაგვარებს კონკურენციის პრობლემას, რასაც უსამართლო სუბსიდიები ქმნიდა, რის გამოც თავდაპირველად შემოიღეს გადასახადები“, – განუცხადა ლანგემ გერმანულ მაუწყებელს NTV.
ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიამ გაზარდა გადასახადები ელექტრომობილების იმპორტზე ჩინეთიდან, დემპინგური ფასების გამო. იაფი ჩინური ავტომობილების იმპორტს ხელი შეუწყო ჩინეთის მთავრობის სუბსიდიებმა, რაც, ევროკავშირის მტკიცებით, იწვევდა კონკურენციის პირობების დარღევას და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ ავტოინდუსტრიას.
ჩინურ ავტომობილებზე დროებითი საიმპორტო ტარიფები 5 ივლისიდან ამოქმედა, ხოლო საბოლოო ტარიფები, რომელიც 38%-ს აღწევდა, ძალაში ნოემბრიდან უნდა შესულიყო.
ევროკომიისიის გადაწყვეტილების შემდეგ, ჩინეთი ევროპულ პროდუქციაზე საპასუხო შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა.
გაზრდილ ტარიფების წინაარმდეგ წავიდა ბევრი ევროპელი ავტომწარმოებელიც. მათ შორის იყვნენ Mercedes-Benz Group და Volkswagen. როგორც ცნობილია, ჩინეთი Mercedes-ის, VW-ისა და BMW -ის ყველაზე დიდი გასაღების ბაზარია. გერმანელმა ავტომწარმოებლებმა პროდუქციის მესამედი გასულ წელს სწორედ ჩინეთში გაყიდეს.