ბრიუსელი უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავების გამოყენების შესაძლებლობას იკვლევს ევროკავშირის ბაზრისთვის განკუთვნილი გაზისთვის. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ანალიტიკოსების აზრით, ამ გზით ევროპას გარანტირებული გაზმომარაგება ექნება ზამთარში, იმ დროს, როდესაც საწვავის ფასები გაიზრდება. ასევე, ევროპის ქვეყნები თავიდან აიცილებენ ჭარბი მიწოდების რისკს უახლოეს თვეებში.
უკრაინას ევროპაში უმსხვილესი მიწისქვეშა გაზის საცავები გააჩნია.
უკრაინა ევროპის ქვეყნებს სთავაზობს აირის ფიქსირებული ტარიფით შენახვას, რაც მათთვის მიმზიდველი და კონკურენტული ვარიანტია.
პრობლემა ის არის, რომ სადაზღვევო ინდუსტრია ერიდება უკრაინას. ამიტომ უკრაინაში გაზის მარაგების შექმნა ბრიუსელის მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.
ახლა ევროკომისია იკვლევს, შეუძლიათ თუ არა გაზის კომპანიებს უსაფრთხოების გარანტიების მიღება უკრაინაში.
უკრტრანსგაზი, თავის მხრივ, მუშაობს გარანტიების შექმნაზე, რათა შეამციროს საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული რისკები.
უკრაინის გაზსაცავები მიწისქვეშ, 2 კმ-ის სიღრმეზეა განთავსებული, სადაც 30 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აირის შენახვაა შესაძლებელი.
ევროკავშირში არსებული გაზსაცავები ამჟამად 70%-ით არის სავსე.