საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის თითქმის 60% დსთ-ს ქვეყნებზე მოდის.
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მთლიანი ექსპორტის 58,2%, ანუ $532 მილიონის პროდუქცია დსთ-ის ბაზარზე გავიდა. ეს წინა წლის მაჩვენებელზე $202 მილიონით მეტია. რუსეთის წილი ექსპორტის მაჩვენებელში 14%-ს შეადგენს.
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის ზრდის პარალელურად, მცირდება ექსპორტი ევროკავშირში. შარშან იანვარ-თებერვალში ევროკავშირის ქვეყნების წილი თუ 20,9% იყო, წელს ის 12,7%-მდე შემცირდა.
წელს დაიკლო ადგილობრივი ექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში – 10.6%-ით და მისი წილი 54.3%-ს შეადგენს. ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან გადის მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და სპირტიანი სასმელები, აზოტოვანი სასუქები.
წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტი სომხეთში. მისი წილი მთლიან ექსპორტში 14,5%-ია და ის სიის სათავეშია. სომხეთისა და რუსეთის გარდა, უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში შედიან ჩინეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.