საწვავის ბაზარზე უახლოეს დღეებში დიზელის გაიაფებაა მოსალოდნელი. იმპორტიორებს ფასის კლების საშუალებას საერთაშორისო ბაზარზე ამ ტიპის საწვავის გაიაფება მისცემს. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა BRG-თან განაცხადა, დიზელზე ფასის კლება დიდი არ იქნება. მისი თქმით, საქართველოში საბითუმო ბაზარზე დიზელის ღირებულება ბოლო 2 წლის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
რაც შეეხება ბენზინის ფასს, როგორც ჩანს, ის აღარ შემცირდება. ამის მიზეზად იმპორტიორები საერთაშორისო საბითუმო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას ასახელებენ. მართალია, ზრდა დიდი არ არის, მაგრამ ეს საწვავის დისტრიბუტორებს ფასების არსებულ ნიშნულზე გაჩერებისკენ უბიძგებს. ლარის დოლარის მიმართ გამყარების მიუხედავად, როგორც ჩანს, ისინი, ბენზინის ფასს არ შეამცირებენ.