1930-იან წლებში ამერიკელებმა დიდ დეპრესიას უპასუხეს უფრო მდიდარი და სამართლიანი საზოგადოების შექმნით. ელიზაბეტ კოენი
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დასუსტებული ევროპა მხოლოდ ექსპორტის იმედად იყო დარჩენილი. ამავდროულად შეერთებულ შტატებში წარმოება ყვაოდა. ევროპაში ამერიკიდან შედიოდა ფულიც, რომელიც საბოლოოდ ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა.
მიუხედავად გაზრდილი მრეწველობისა, აშშ-ში ფული დიდი რაოდენობით არ არსებობდა. დოლარის კურსს ოქრო არეგულირებდა და მასზე მეტი ქაღალდის ფული ვერ დაიბეჭდებოდა. შედეგად, ყველა საწარმო სააქციო საზოგადოება გახდა. ადამიანები აქტიურად ვაჭრობდნენ Wall Street-ზე და ქვეყანაც სწრაფად მდიდრდებოდა.
თუმცა, ევროპის კვლავ გაძლიერებასთან ერთად, ამერიკული პროდუქციის რეალიზაციამ იკლო. ამან ქარხნების მოცულობის შემცირება და მათ აქციებზე ფასების ვარდნა გამოიწვია. ხალხმა აქციების გაყიდვა დაიწყო, რამაც კიდევ უფრო დაწია ფასები.
1929 წლის 24 ოქტომბერი შავი ხუთშაბათის სახელითაა ცნობილი. ამ დღეს აშშ-ში რეკორდული რაოდენობის – 13 მილიონი აქცია გაიყიდა. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისის – დიდი დეპრესიის დასაწყისი.
დიდი დეპრესიის პერიოდში აშშ-ში წარმოება 47%-ით, ხოლო მშპ 30%-ით შემცირდა. გაიზარდა უმუშევრობა.
კრიზისმა ყველაზე მეტად საბანკო სისტემა, სოფლის მეურნეობა და მძიმე მრეწველობა დააზარალა.
ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბანკები ფაქტობრივად გაწირა, რადგან ვერ შეძლო რამე გადაწყვეტილების მიღება. 1930 წელს 1 352, ხოლო სამი წლის შემდეგ 4 000-ზე მეტი ბანკი დაიხურა. უმუშევართა რაოდენობამ 13 მილიონს მიაღწია.
პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი იმ ეკონომისტების აზრს იზიარებდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეკონომიკა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა გაჯანსაღებულიყო.
დიდი დეპრესიის დასასრული
დიდი დეპრესიის დაძლევა პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის სახელს უკავშირდება. მან ფედერალური სახსრები გამოიყენა, გამოაცხადა ოთხდღიანი „საბანკო არდადეგები“ და ამით ბანკები განტვირთა. შეიმუშავა ახალი კურსის სახელით ცნობილი სარეაბილიტაციო გეგმა, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა; მიიღო შრომითი ურთიერთობების აქტი და შექმნა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია.
დიდი დეპრესიის დასრულების თარიღად 1933 წელს მიიჩნევენ, თუმცა მისი გავლენა კიდევ დიდხანს გაგრძელდა.
დიდი დეპრესია საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომმა დაასრულა. როცა ამერიკაში სამხედრო ქარხნები ამუშავდა, თავდაცვა გაძლიერდა და ნელ-ნელა უმუშევრობის პრობლემაც მოგვარდა.
ეკონომიკური კრიზისებისგან მსოფლიო არასდროსაა დაზღვეული. თუმცა, ეკონომისტების აზრით, დიდი დეპრესია – ესაა გამოცდილება იმისთვის, რომ კრიზისები ასეთი სიმწვავით აღარ გამეორდეს.