საქსტატმა დეკემბრის თვის საარსებო მინიმუმი დათვალა. განახლებული მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა დეკემბერში 260.3 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით მეტია.
ხოლო ნოემბერთან შედარებით, როცა საარსებო მინიმუმი 262,4 ლარს შეადგენდა, შემცირებულია.
საარსებო მინიმუმის დონე პირდაპირ კავშირშია ინფლაციასთან. საარსებოდ აუცილებელი თანხის ოდენობა ფასების მატების პარალელურად იზრდება და პირიქით, დეფლაციის დროს – მცირდება.
საარსებო მინიმუმი სიღარიბის საზომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ის ასახავს იმ მინიმალურ თანხას, რომელიც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება. 2003 წლის მეთოდოლოგიის მიხედვით, საარსებო მინიმუმის 70% გამოყოფილია საკვებზე, რომელიც საჭიროა მინიმალური კალორიების მისაღებად, ხოლო 30% არასაკვები ხარჯებისთვის, წლების განმავლობაში ეს დანაწილება კრიტიკის საგანი იყო, იმის გამო, რომ ის არ ასახავს რეალურ გადანაწილებას სასურსათო და არასასურსათო დანახარჯებს შორის.
PMCG Research-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2023 წელს საქართველოში საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის საშუალო წილი 24%-ს შეადგენდა.