საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანებიდან ყველაზე მეტი ვაჭრობის სფეროში საქმიანობს. ამას აჩვენებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის I კვარტლის განახლებული მონაცემები.
ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) სექტორზე დასაქმებულთა 27,9% მოდის.
შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 12,3%-იანი წილით და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, სადაც დასაქმებული ადამიანების 10.3% მუშაობს.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში დასაქმებულია 8.2%, მშენებლობაში – 8%.
ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში 5.9% და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების სფეროში 4.9% საქმიანობს.
სად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა
ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში გაიზარდა. წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ამ საქმიანობით დაკავებულთა რიცხვი 36%-ით არის მომატებული.
28%-ით არის გაზრდილი დასაქმებულთა რიცხვი დასვენება-გართობის მიმართულებით მომუშავე ბიზნესში.
ყველაზე მეტი კლება დასაქმების მიმართულებით მხოლოდ სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სფეროში ფიქსირდება – 1,2%.
ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ სულ 716.1 ათასი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით, 25 ათასით არის შემცირებული. ხოლო გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.3%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3% ქალია, ხოლო 56.7% – კაცი.