დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსი მილიონერების რაოდენობა გაიზარდა.
უმდიდრესი რუსების უმეტესობამ მოახერხა თავისი ძირითადი აქტივების გადამალვა ან ნათესავებისთვის გადაცემა და ამგვარად შეძლეს სანქციების თავიდან აცილება.
გასულ წელს რუსმა მილიარდერებმა აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების შედეგად დაკარგული $104 მილიარდი აინაზღაურეს. სანქცირებული 39 პირის ქონება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მხოლოდ 13%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ Forbes წერს.
2023 წელს Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში რუსეთის 105 მოქალაქე მოხვდა $474 მილიარდის კაპიტალით. 2022 წლის სიაში 83 რუსი შედიოდა, რომელთა ქონება $320 მილიარდს შეადგენდა. ამავდროულად, სანქცირებული 46 რუსი მილიარდერიდან Forbes-ის სიაში 39 შედის. 2022 წლის 23 თებერვლიდან ამ 39 მდიდარმა ადამიანმა ერთობლივად დაკარგა $45 მილიარდი, ანუ მათი მთლიანი ქონების დაახლოებით 13%.
2022 წელს რუსი მილიარდერების შემოსავლების ზრდა ძირითადად ნავთობის, ლითონებისა და სხვა წიაღისეულის გაძვირებამ განაპირობა.
რუსეთის უმდიდრესი ადამიანის, სასუქის მაგნატის – ანდრეი მელნიჩენკოს ქონება გასული წლის განმავლობაში $14,1 მილიარდით გაიზარდა და 25,2 მილიარდი შეადგინა.
კიდევ ერთი ოლიგარქის – ვლადიმერ პოტანინის კაპიტალი წლის განმავლობაში $6,4 მილიარდით გაიზარდა ფრანგული Societe Generale-ისგან Rosbank-ისა და Tinkoff Bank-ის შეძენის გამო.
არკადი როტენბერგი, მისი ძმა და ვაჟი ახლა $500 მილიონით უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ომამდე იყვნენ, როცა მათი ქონება $6,2 მილიარდს შეადგენდა. მათ აქტივების მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდათ რუსეთის ფარგლებს გარეთ, ამიტომ სანქციებს ისინი დიდად არ დაუზარალებია.
სანქცირებულმა რომან აბრამოვიჩმა მისი ქონების დიდი ნაწილი უკვე გადასცა შვილებს, ხოლო საკუთარი იახტები ევროპიდან თურქეთში გაგზავნა. საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვის შემდეგ მისი წმინდა ქონება $14,3-იდან დაახლოებით $9,2 მილიარდამდე შემცირდა.