ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა „რიყის დოქები“ გაყიდა. ობიექტის ახალი მფლობელი გახდა შპს „რიყე დომ“.
კომპანია „რიყე დომ“ საჯარო რეესტრში 24 აპრილს დაარეგისტრირეს. მისი მფლობელი შპს „ნ.გ.ბ“-ია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თორნიკე კოპალიანია. კომპანიის დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. ის ამავდროულად „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის წილებს მართავს რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის, „ჯი ჯი ჯი ჯორჯიაში“, GORAGROUP-ში, Parna-ში, ფლობს შპს “ბამბუ გარდენსის” წილის 10%-ს, შპს “3ფ”-ს 100%-ს, შპს “თპ კომპანის” 100%-ს, “მეღვინეობა ხვამლის” 100%-ს და არის კოოპერატივი “უდაბნო-ლახირის” თანამესაკუთრე.
14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული „რიყის დოქები“ 2022 წელს მეექვსე მცდელობაზე, თავდაპირველ ფასზე 10-ჯერ უფრო იაფად, 10 020 000 ლარად გაიყიდა. ის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის დავით ხიდაშელის კომპანიამ იყიდა.
კომპანიას ორ შენობაში 36 თვის განმავლობაში უნდა მოეწყო ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები. ხიდაშელს ამ დრომდე ტერიტორიაზე სამუშაოები არ განუხორციელებია.
ცნობისთვის, 12 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფომ დავით ხიდაშელს უკვე ჩამოართვა კურორტი “ახტალა”, რომელიც მან 2018 წელს აუქციონის შედეგად 3.76 მილიონ ლარად შეიძინა. მას ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა.
მარტში დავით ხიდაშელის კომპანიას ასევე ჩამოერთვეს კურორტი “ლიბანი”, რომელიც მან 2021 წლის მარტში შეიძინა. ხიდაშელის კომპანიას იქ 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო და 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, მაგრამ ვალდებულებები არ შეუსრულებია.
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას HG Capra Caucasica-ს 2023 წელს გაუუქმდა რაჭაში სამონადირეო მეურნეობის განვითარების ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში აუქციონში გამარჯვების საფუძველზე მიიღო.