გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დავით ხიდაშელის კომპანიას რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტომ განმარტა, გადაწყვეტილების საფუძველი კომპანიის მიერ ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.
შესაბამისად, HG Capra Caucasica-ზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია გაუქმდა.
დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიაზე საქმიანობის ლიცენზია შარშან აუქციონის წესით გაიცა. კომპანიას 1045 ჰექტრამდე ტყის ფართობი 49 წლის ვადით სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის გადაეცა. აუქციონში კომპანიას საფასურის სახით ოფიციალურად 1 151 832 ლარი ჰქონდა დაფიქსირებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო. გარდა ამისა, კომპანიას სხვა არაერთი ვალდებულება ჰქონდა აღებული, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია.
სააგენტომ განმარტა, რომ ამის გამო HG Capra Caucasica-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის გასაუქმებლად მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და მოკვლევის პროცესი საბოლოოდ ლიცენზიის ჩამორთმევით დასრულდა.
ბიზნესიდან გასვლის შესახებ განცხადება 15 ნოემბერს თავად კომპანიამაც გაავრცელა. ხოლო დავით ხიდაშელმა სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილებაზე თქვა: „კარგად იყვნენ უჩემოდ“.